English / ქართული / русский /
ზურაბ ლიპარტია
ინოვაციური საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების პრობლემა საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხლულია  „მწვანე ეკონომიკის“ პირობებში ეკონომიკური ეფექტის განსაზღვრის პრობლემა და ინოვაციური განვითარების საერთო ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების სრულყოფილი სისტემის ფორმირების პრობლემის კვლევის აუცილებლობა, რომელიც ეკონომიკური ეფექტის (შედეგების) დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებას ეფუძნება, სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის პროცესებში ინოვაციური გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განაპირობებს.

ქვეყანაში სამეცნიერო-ტექნიკური განვითარება, ახალი ინოვაციების გამოვლენა და ტექნოლოგიების დამკვიდრება სამეწარმეო სექტორში გრძელვადიან პერიოდში საწარმოთა გაფართოებასა და უკუგების ზრდას, მთელი საზოგადოებისა და კერძო ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ყველა ტიპის ინოვაცია აუცილებელია წარიმართოს რესურსების დამზოგავი და ეკონომიკური საქმიანობის (ორგანიზაციის) განვითარების დომინირებული სფეროების, ბიზნესგარემოს ცვლილებებთან მიმართებაში სრულყოფილი მართვის სისტემისა და სტრატეგიული მართვის მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტიანობის შეფასების სრულყოფილი მექანიზმის სამეწამეო ბიზნესპრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

საკვანძო სიტყვები: ეფექტური სტრატეგიული მართვის პრინციპები; ინტეგრალური ეფექტის გათვლა; ინოვაციური განვითარების მოდელი; შედარებითი ანალიზის მეთოდი, ინოვაციების რენტაბელობა, კორპორაციული კულტურა, ფინანსური მდგრადობა. 

პრობლემების დასმა

საქართველოში, მსოფლიო გლობალური პროცესების ჭრილში, ეკონომიკური სისტემის გარდაქმნების მიმდინარე  მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი-შეფასებით, ქვეყანა ორიენტირდა ორთოდოქსული („ძვირი ფულის“) ტიპის, ე.წ. ლიბერალურ-მონეტარულ პოლიტიკაზე. კერძოდ, „საქართველოს  ხელისუფლებამ,  ეკონომიკის რეფორმირების თანამედროვე ეტაპზეც, თავი ვერ დააღწია შეზღუდულ მენტალურ აზროვნებას. საქართველოს სჭირდება არა ნეოკლასიკურ თეორიაზე აგებული მკაცრი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (ისიც თავისებური შოკია), არამედ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ეტაპობრივად, ევოლუციური განვითარების გზით, ენდოგენური ფაქტორების ეფექტიანი გამოყენებით მიგვაახლოებდა ცივილიზებულ ქვეყნებს“ [1].

ქვეყნის ეკონომიკის, მისი ყველა დარგის, მართვის რთული ფუნქციების შესრულებისათვის ეკონომიკური ანალიზი მოწოდებულია შეიმუშაოს კონკრეტული მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები, რომლებსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ინოვაციური საქმიანობის ოპტიმალური ვარიანტების შერჩევისა და განვითარების პროგნოზირებისათვის [2]. 

გამოწვევების ანალიზი

საქართველოში საბაზრო მექანიზმებთან ადაპტირებული ეკონომიკურ-ანალიზურ-შემფასებელი სისტემებით მართვის პრობლემების გამოწვევების პრაქტიკის ანალიზი მოწმობს, რომ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოთა საბაზრო ეკონომიკების ურთიერთობები ჰორიზონტალური საბაზრო კავშირების გამო მოიცავს არა მარტო ქვეყნის შიგა, არამედ სხვა ქვეყნებთან საბაზრო საინვესტიციო და საწარმოო-ტექნიკურ კავშირებსაც. იზრდება ეკონომიკური ანალიზის როლიც ეკონომიკური სუბიექტების განვითარების ობიექტური პროპორციებისა და საქმიანობის საბოლოო სამეურნეო-საფინანსო შედეგების ფორმირებაში, რომლებიც ყალიბდება ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედებით და შეისწავლება ეკონომიკური ინფორმაციის სისტემის საფუძველზე.

შესაბამისად, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობები გაზრდილ მოთხოვნილებას უყენებს ეკონომიკურ ანალიზს, როგორც კომპლექსური გამოკვლევის ინსტრუმენტს, რომლის კლევების საფუძველზე იკვეთება, რომ კორპორაციების (საწარმოთა) ეფექტიანი საქმიანობის მიღწევის უზრუნველსაყოფად აუცილებელია: ა) მეცნიერულად დამუშავებულ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია; ბ) მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგების მიღება და გ) კორპორაციების (დარგის) ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება, ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, აქტივების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სხვ. [3].

ფინანსური მენეჯმენტის გარემოს მაკომპლექტებელი სტრუქტურის სისტემაში მნიშვნელოვანია ფინანსური რისკის კატეგორია, რომელიც ყველაზე რთული სტრუქტურის მქონე რისკია, რაც წარმოიშობა საპროცენტო განაკვეთის, ვალუტის გაცვლითი კურსის, ლიკვიდობის, აქციისა და საქონლის (მომსახურების) ფასის, ვალის გასტუმრებისა და კრედიტუნარიანობის მერყეობის შედეგად და პირდაპირ მოქმედებს კორპორაციების  საინვესტიციო საქმიანობაზე.

ამასთანავე, ფინანსური მენეჯმენტის პროცესში ხშირია გაურკვევლობასა და განუსაზღვრელობასთან დაკავშირებული სირთულეები, როგორიცაა: 1) შეუძლებელია ფინანსური სისტემის მიმდინარე მდგომარეობის დაზუსტება მისაღები სირთულით; 2)უცნობია (ან ვერ დგინდება მოთხოვნათა სიზუსტე) მომავალი პერიოდის ფინანსური მაჩვენებლები და მათი თანამდევი პარამეტრები [4].

     კორპორაციის ფინანსური საქმიანობის ეფექტური მართვა მიიღწევა რიგი პრინციპების რეალიზაციით, როგორიცაა: 1) კომპანიის მენეჯმენტის საერთო სისტემასთან ინტეგრირება. 2) მმართველობითი გადაწყვეტილებების ფორმირების კომპლექსურობა; 3) მართვის მაღალი დინამიზმი; 4) ცალკეული მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავებისადმი მიდგომების ვარიანტულობა; 5)კორპო-რაციის განვითარების სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირებულობა.

ინვესტიციური საქმიანობის მართვა, რომელიც აგებულია სიტუაციური ანალიზური შემფასებელი სისტემის გამოყენებაზე, გამიზნულია იქითკენ, რომ თანადროულად მოახდინოს საწარმოს რეაგირება გარემოცვაში მოსალოდნელ ცვლილებაზე. მენეჯერს სისტემატური გააზრებით ეძლევა შესაძლებლობები, მოახდინოს რეაგირება წარმოების ეკონომიკური და ფინანსური შედეგების, პროდუქციის გასაღების ფორმირების მართვის პროცესებზე, შეიმუშაოს შეცვლილ გარემო პირობებთან საწარმოოს ადაპტაციის მართვის პრაქტიკული მექანიზმი. შესაბამისად, მმართველობითი  პრინციპებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია რეალიზაციიდან მოღებული მოგების ცვალებადობაზე  მოქმედი ფაქტორების გავლენის  განსაზღვრა, როგორიცაა: სასაქონლო ასორტიმენტისა და სტრუქტურის; სარეალიზაციო ფასებისა და გაყიდვების მოცულობის; პროდუქციის თვითღირებულების ცვალებადობის გავლენა; ინფლაციური ფაქტორების შეფასება.

შესაბამისად, ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგიური შემოთავაზებული ახალი ლოგიკა - მმართველობითი რაციონალიზმის ანალიზურ-შემფასებელი სისტემის ადაპტირება-დამკვიდრება საწარმოების საბოლოო შედეგების რესურსდ-ამზოგავი ამოცანების გადაწყვეტაზე; წარმოების ფუნქციონირების ინტენსიურობის ამაღლების ღონისძიებების შემდეგ საყოველთაო განხორციელებისაკენ საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კვლევის შედეგებიდან იკვეთება რომ საწარმოში ნებისმიერი ინოვაციების ეფექტიანობის შეფასება აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ საწარმოოს ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის ტრადიციული შეფასებისა და მისი განვითარების დინამიკით განსახილველ დროის პერიოდში. რადგან, რა აზრი აქვს შევაფასოთ საწარმოს ინოვაციურობა ან ინოვაციური ეფექტიანობა, თუ ფირმას აქვს არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები (უარყოფითი დინამიკა) სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი პარამეტრების მიხედვით?  ამასთანავე, აუცილებელია განისაზღვროს ზუსტი ორიენტირები და განსაზღვრის მიდგომები (ხერხები) ასეთი უარყოფითი დინამიკისა, რამდენადაც ბუღალტრული ბალანსის მაჩვენებლებით განსაზღვრის ტრადიციული მიდგომა არასაკმარისია საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად, მოცემული საწარმოს (სუბიექტის) ეკონომიკური საქმიანობის ინოვაციური პერსპექტივების გამოსავლენად.  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეცნიერო ნაშრომში შემოთავაზებულია ეკონომიკური ანალიზის სამი მიდგომა, კერძოდ:

       1) მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის ტრადიციური ანალიზის ხერხი;

       2) ორგანიზაციის საქმიანობის მთლიანობაში ეფექტურობის ანალიზი;

      3) საერთო საქმიანობის შედეგებში ინოვაციურობის განმსაზღვრელობის შეფასება.

        ინოვაციური საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ზოგადი  ეკონომიკური პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ინოვაციების ეკონომიკური ეფექტისა (შედეგის) და დანახარჯების შედარებითი მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი ხდება მმართველობითი გადაწყვეტეილებების მიღება ინოვაციების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ, კერძოდ შემდეგი ძირითად ჯგუფური მაჩვენებლების გამოყენებით, როგორიცაა: ა) ინტეგრალური ეფექტის გათვლა; ბ) ინოვაციის რენტაბელობის მაჩვენებლები; გ) ამოსყიდვის ვადის განსაზღვრა.

      სამეცნიერო ნაშრომში სამრეწველო საწარმოს მაგალითზე გაანალიზებულია ინოვაციური საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები (ცხრ 1.).

ცხრილი N1

სამრეწველო საწარმოს ინოვაციური საქმიანობის მიმართულებები

საქმიანობის მიმართულებები

(ინოვაციური)

საქმიანობის  მიზანი

ძირითადი მაჩვენებლები

1.პროდუქციის თვითღირებულების შემცირება

მოგების ზრდა, კონკურენტ-უნარიანობა (ფასების შემცირება)

ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების დანერგვა;

მატერიალურ-ენერგეტიკული ტევადობის შემცირება;

შრომატევადობის შემცირება.

2.მართვის სისტემის სრულყოფა

ოპერატიულობა, ხელშეკრულებითი დისციპლინების დაცვა, კორპორაციული კულტურა.

საქმიანობის სტრუქტურის შეცვლა; ტექნოლოგიური ხაზების ოპტიმიზაცია; კადრების ხარისხის ამაღლება, ორგანიზაციული სიტემები, შრომის მოტივაცია და სხვ.

3.კორპორაციული საგარეო კავშირების გაფართოება

პროდუქციის ხარისხი, დანახარჯების შემცირება.

მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, ლოგისტიკის, საწარმოო და მმართველობითი პროცესების ინფორმატიზაცია.

4.საგადასახადო დაბეგვრის ოპტიმიზაცია

ფინანსური მდგრადობა

ინვესტიიების პოტიმიზაცია, სააღრიცხვო პოლიტიკა, ფინანსური სქემები.

5.კორპორაციული სტრუქტურის ცვლილება

ინვესტიციების მიღება

ფონდების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, ინვესტიციური მიმზიდველობის ზრდა.

6.გამოსაშვები პროდუქციის მოდერნიზაცია

ბაზრების დიფერენციაცია

ახალი ხარისხის მიღება; ახალ მასალებზე გადასვლა.

7. შემუშავება და ახალი პროდუქციის სახეების ათვისება

ახალი გასაღების ბაზრების ათვისება.

დაგეგმვა და რეალიზაცია (სამეცნ.-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ახალი მიმართულებებისა და ახალი სახეობის პროდუქციის ათვისება).

 საშემფასებლო საქმიანობის პრაქტიკის ანალიზი მოწმობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ინოვაციური სექტორის ეფექტიანობის შეფასებისთვის გამოიყენება  მაჩვენებლები, რომლებიც ქმნიან ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის (ფირმა, მსხვილი კორპორაციები, ეკონომიკური რეგიონები, მაკროეკონომიკა)  განზომილების ინოვაციური შედეგობრივი განვითარების  ერთიან სისტემას (მინიმალურად აუცილებელი) და შესაბამისად, გამოყენებადია ინოვაციური განვითარების მოდელის მონიტორინგის სისტემაში, კერძოდ ეს მაჩვენებლებია:

         1) წარმოების მოცულობა და ინოვაციების წილი (ახალი პროდუქტებისა წარმოებულ მოცულობაში);

         2) დანახარჯები ინოვაციებზე და მათი წილი კაპიტალური დანახარჯების მოცულობაში;

        3) ინვესტიციები ძირითად კაპიტალში და მათი წილი საერთო ინვესტიციური (დანახარჯები) სისტემის მოცულობაში;

       4) ეკონომიკური სისტემის ფონდტევადობა და ფონდაღჭურვილობა, ენერგოტევადობა და მასალატევადობა. ტექნოლოგიურობა (ტექნოლოგიური ეფექტიანობა);

       5) მეცნიერებატევადობა, რომელიც გამოითვლება სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ახალი მიმართულებების წილით და დანახარჯებით ინოვაციებზე, საერთო დანახარჯებით (ინვესტიციების) მოცულობაზე; საწარმოების მოცულობაზე, გაყიდვებსა, ასევე ამ სფეროში დასაქმებულთა პერსონალის საერთო მუშაკთა რიცხოვნობაზე;

      6) ზოგადი მაჩვენებლის კონკურენტების განსაზღვრისა შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოების ეფექტურობის ორგანიზაციული (გამოცდილების მქონე, კონსტრუქციული საქმიანობის და სხვ.) მართვის და ა.შ. საკუთარი კონკურენტების წინასწარი განსაზღვრით;

      7) ტექნოლოგიური ინტენსივობა, რომელიც იზომება მოწინავე ტექნოლოგიების (ტექნოლოგიური ინოვაციები) რიცხვით, რომელიც მოდის ერთ დასაქმებულზე. 

დასკვნა

საწარმოთა საქმიანობის ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე და ინოვაციურ-საინვესტიციო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ნეგატიური შედეგების ელიმინირების მიზნით შესაძლებელია შემდეგი წინადადებების შემოთავაზება:

       1) აუცილებლად უნდა გაფართოვდეს არჩეული ინოვაციური მიმართულებებისთვის დაფინანსების წყაროების გაფართოებისა და მოძიების გზები (მაგალითად, ეტაპობრივი დაფინანსების მეთოდის გამოყენება - ერთდროულად სხვადასხვა წყაროებიდან):

       ა) მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება სხვადასხვა დონეებზე (რეგიონული, დარგობრივი);

      ბ) საინვესტიციო ფონდების წყაროები;

      გ) ახალ - პერსპექტიულ პროდუქტებზე კერძო ინვესტიციებისა და მომხმარებელთა (დამკვეთთა) სახსრების გამოყენება;

      დ) რეინვესტირება (საწარმოთა მოგებიდან);

      ე) ინოვაციური ინფრასტრუქტურული (მ.შ. რეგიონული განვითარება კანონმდებლობით გათვალისწინებული დოტაციებისა და პრეფერენციების, შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტი, საგადასახადო შეღავათები და ა,შ.) გამოყენებით.

     2) სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ვენჩერული (ინოვაციური) ბიზნესის ნაწილის ცალკე სტრუქტურად გამოყოფა (საკუთრების ნებისმიერი ფორმისთვის).

     3) ინოვაციური საქმიანობის (სამუშაოების) მიმართულებების დივერსიფიკაცია;

    4) განხორციელდეს კომპლექსური პერსპექტიული ტექნოლოგიური საშუალებების უფრო ფართო სპექტრის გამოყენებით ახალი პროდუქტების წარმოება.

        ამრიგად, ყველა სახის ინოვაციური საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს რესურსების დაზოგვაზე, მიღებული უნდა იქნეს ისეთი ეფექტური შედეგები ეროვნული სიმდიდრის ბუნებრივ-რესურსულ ელემენტებზე მისაღები სოციალური ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც იქნება მიმართული ინოვაციური ეფექტურობის ასამაღლებლად, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დასაზოგად და დასაგროვებლად, ასევე ინსტიტუტების, რომლებიც  პასუხისმგებელი არიან ახალი პროდუქტების შექმნასა და ეროვნული სიმდიდრის განაწილებაზე, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ასათიანი რ. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომც. „სიახლე.“ 2017.

2. ლიპარტია ზ - „საქართველოში ინოვაციური მენეჯმენტის სრულყოფის სტრატე-გიული ასპექტები“. სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე საერთა-შორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბ. 25-26  მაისი 2018. გვ 137-142.

3. ლიპარტია ზ, შერაზადიშვილი ბ. – „ეკონომიკური აზროვნების განვითარების მეთოდოლოგიური ასპექტები“. კონფერენცია - „ეკონომიკური აზროვნება: თანამედ-როვე რეალიები და პროგნოზული შესაძლებლობები“ (ინგლისურ ენაზე - Methodological Aspects of Economic Thinking Development), უკრაინა, კიევი, 19 აპრილი, 2019. «ЭКОНОМИЧЕСКАЯ АНАЛИТИКА: СОВРЕМЕННЫЕ РЕАЛИИ И ПРОГНОСТИЧЕСКИЕ ВОЗМОЖНОСТИ“.. E_Mail: kpeof@kneu.edu.ua

4. იაშვილი გ. – „სტრატეგიული მენეჯმენტი მცირე და საშუალო საწარმოებში“.  სახელმძღვანელო. სტუ. თბილისი. 2009.